საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22861

ფაქტი 22861

1921 წლის 8 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის მთავარი გამგის სამსონ ბახტაძის მოხსენება მაღაზიის საქმეთა მოწესრიგების შესახებ. ბახტაძის აზრით, გამგისა და მისი თანაშემწისთვის უნდა მიეცათ გარკვეული პროცენტი საერთო შემოსავლიდან. წინა კრებაზე დასმული ეს საკითხი გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა განეხილა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად და მოეხსენებინა შემდეგ კრებაზე. განჩინების თანახმად, მაღაზიას უნდა ჰყოლოდა მთავარი გამგეობის წინაშე პასუხისმგებელი გამგე და მისი თანაშემწე, რომელიც თავის მხრივ პასუხს აგებდა გამგის წინაშე. გამგეობამ დაადგინა, რომ ყველა მოსამსახურე პირისთვის (ამ კატეგორიაში შედიოდნენ საწყობის გამგეცა და ბუღალტერიც) ყოველწლიურად გადაედოთ 1% საერთო ნავაჭრიდან. დანაკლისზე ყველა აგებდა პასუხს. მოლარისთვის უნდა მიეცათ თვეში 500 მანეთი გადასაყოლებელი, ასევე მონარჩენი ხურდაც. პროცენტი და დანაკლისი განაწილებულიყო ჯამაგირის პროპორციულად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22861; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .