1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა შენიშვნა-დამატება, რომელიც თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიშს ეხებოდა. დოკუმენტის მიხედვით, თელავის განყოფილების გამგეობას უპირველეს მიზნად მიაჩნდა დაწყებითი სკოლების გახსნა ისეთ უბნებში, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება იყო. პირველი ასეთი სკოლა ქ. თელავში დაარსდა უღარიბეს მაცხოვრებელთა შვილთათვის. სკოლების შესანახად აუცილებელი იყო განყოფილების წევრთა რიცხვის გაზრდა, რითაც საწევრო გადასახადის სახით შემოსული თანხებიც უფრო სოლიდური გახდებოდა. ამ მიზნის მიღწევას აბრკოლებდა მაცხოვრებელთა გულგრილობა და განყოფილების მატერიალურად მოძლიერების ნაკლები სურვილი. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი