საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25197

ფაქტი 25197

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა თ. კიკვაძემ მოახსენა, რომ ის არ ეთანხმებოდა 13 მაისის სხდომაზე თავმჯდომარის დ. კარიჭაშვილის წინადადებით მიღებულ დადგენილებას წლიური კრების გადატანის შესახებ. კიკვაძისთვის მიუღებელი იყო აზრი, თითქოს კრების დანიშვნის შემთხვევაში, მთავრობისათვის საზოგადოების არსებობისა და ფუნქციონირების კიდევ ერთხელ შეხსენება, გამოიწვევდა სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების დახურვას. მისი თქმით, კიდევ დასაშვები იქნებოდა, კარიჭაშვილის შიში ობიქტური ხასიათის რომ ყოფილიყო, მაგრამ თავმჯდომარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ კიკვაძეს კრების დაჩქარებით მოწვევა მის გასაშვებად სურდა. ამიტომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კარიჭაშვილი მუდამ ცდილობდა ამ საქმის გაჭიანურებას და მიაღწია კიდეც თავის მიზანს. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელმძღვანელი პირადი მიზნით აუქმებდა საზოგადო დაწესებულებას. ამის ნათელი მაგალითი იყო წიგნების გამომცემელი „ქართველთა ამხანაგობის“ ისტორიაც. კიკვაძე დიდი ხანია ამტკიცებდა, რომ იმდროინდელი ხელმძღვანელობის ხელში საზოგადოება ვერ აიცილებდა თავიდან გაკოტრებას. უკვე თითქმის გაკოტრებული საზოგადოების გადარჩენა კიდევ შეიძლებოდა. კიკვაძისთვის გასაგები იყო, რატომ უარყო გამგეობამ იმავე სხდომაზე მისი წინადადება „დედა ენის“ პირველი, მეორე ნაწილებისა და „აკიდოს“ პირველი ნაწილის სასწავლო კომიტეტში წარდგენის შესახებ. ის წინადადება სხვას რომ შეეტანა გამგეობაში, უეჭველ დასტურს მიიღებდა, მაგრამ რადგან კიკვაძე ოპოზიციას წარმოადგენდა, მისი წინადადება უარყოფილ იქნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25197; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .