1911 წლის 24 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ ამცნო, რომ 1911 წლის 13 ივნისს გამართულ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საგანგებო სხდომაზე განიხილეს თავადანაზნაურობის მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ი. გ. ჭავჭავაძის მამულის შესყიდვის საკითხი. მამული, რომელიც იმ დროისთვის თბილისის სათავადაზნაურო ბანკს ეკუთვნოდა, შედგებოდა 2715 კვ. საჟენი კარ-მიდამოსაგან და მასთან არსებული 1800 კვ. საჟენი საწისქვილე ადგილისაგან. თავადაზნაურობის კრებამ დაადგინა, ნება დაერთო გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლისთვის შეეძინა აღნიშნული მამული ბანკისგან და გადაეცა ის წერა-კითხვის საზოგადოების თელავის განყოფილებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დ. ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალ. ყიფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი