1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მოახსენა გამგეობას, რომ თელავის სკოლამ ჩაამთავრა 1911-1912 სასწავლო წელი. მისი დაკვირვებით, წერა-კითხვა ქართულ ენაზე მოსწავლეებმა ნაჩქარევად გაიარეს, შედეგად ბავშვები, მცირე გამონაკლისის გარდა, დამახინჯებულად სწერდნენ. ვართაგავას აზრით, ამის გამოსწორება უკვე სექტემბერშივე ადვილად შეიძლებოდა. თუმცა ამ ხარვეზს დადებითიც მოჰყვა. კერძოდ, რაც ნაკლებად აქცევდნენ ბავშვები ყურადღებას წერას, მით მეტი სერიოზულობით ეკიდებოდნენ კითხვას და მეტს იძენდნენ მასწავლებელთან გასაუბრებით. მაგალითად, ყველა ამბავსა და ლექსს გოგებაშვილის „დედა ენიდან", რომლის 69 გვერდიც მოსწავლეებს უკვე აეთვისებინათ, წინ უძღოდა მათი გასაუბრება მასწავლებელთან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი