საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26302

ფაქტი 26302

1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ თბილსის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს საზოგადოების თელავის განყოფილების თავადაზნაურობასთან შუამდგომლობის საბუთი გადაუგზავნია საადგილმამულო კომისიისთვის. შუამდგომლობა ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსაწესრიგებლად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემას. საადგილმამულო კომისიის მიერ შედგენილი საქმიდან ირკვევა შემდეგი: თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას ილია ჭავჭავაძის მამული შეუძენია 53499 მანეთად და 39 კაპიკად. ინჟინრების ქიქოძისა და ოგანეზოვის დასკვნის თანახმად, ილია ჭავჭავაძის მამულის მოსაწესრიგებლად საკმარისი იყო 300-დან 500 მანეთამდე. კონსტანტინე აფხაზსა და ელენე საგინაშვილს მამულის მოწესრიგების მიზნით შეუტანიათ თელავის განყოფილების სალაროში 400 მანეთი, „ახალ კლუბს“ კი ამავე მიზნით 400 მანეთი გადმოურიცხავს. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26302; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .