1915 წლის 4 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ იმ წლის 22 ივნისის სხდომაზე საადგილმამულო კომისიამ დაასკვნა შემდეგი: დაწესებულებების სუბსიდირება სკოლის შენობების ასაშენებლად და გასამართავად არ შედიოდა მის კომპეტენციაში, ამიტომ საზოგადოების თელავის განყოფილების თხოვნა, რომელიც ეხებოდა თელაველებისთვის თანხის გადაცემას ილია ჭავჭავაძის მამულში სკოლის ასაშენებლად, არ დაკმაყოფილდებოდა. რაც შეეხებოდა მამულისა და მის ტერიტორიაზე მდებარე წისქვილის მოწესრიგებას, ამისათვის შეიძლებოდა გარკვეული თანხის გამოყოფა, მხოლოდ იმის შემდგომ, რაც საადგილმამულო კომისიას გაეგზავნებოდა ცნობა, თუ რაში დაიხარჯა საზოგადოების სალაროში ადრე გადარიცხული 800 მანეთი. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი