1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მამულში მდებარე სამოთახიანი სახლი ჟამთა ვითარების გამო სავალალო მდგომარეობაში იყო. ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, იატაკი, კარ-ფანჯარა დაზიანებულა, ერთ-ერთი კედელი სინესტისგან მთლიანად დასველებულა. თელავის განყოფილების აზრით, არ ღირდა სახლის გამაგრება იმისათვის, რომ იქ სკოლა განეთავსებინათ. სჯობდა სახლი დაეშალათ და მასალა კი გამოეყენებინათ სკოლის ახალი ნაგებობის ასაშენებლად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი