1913 წლის 24 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ გარდაცვლილი ილია ზარაფიშვილის მეუღლე სოფიო ცდილობდა ზარაფიშვილის მევალე ვილკევიჩთან ზარაფიშვილის სახლების საქმის შინაურულად მოგვარებას. ვილკევიჩი სახლებში 600 მანეთს ითხოვდა. ადვილი შესაძლებელი იყო ობიექტები, რომელთა რეალური ფასი 5000-6000 მანეთს აღწევდა, არ რგებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. სოფიო ზარაფიშვილი მზად იყო გადაეხადა 600 მანეთი და თავის სახელზე დაემტკიცებინა სახლები. განყოფილების გამგეობა სთხოვდა მთავარ გამგეობას ამ ახალი გარემოების გათვალისწინებით ემსჯელა ზარაფიშვილის საქმეზე და თუ უმჯობესად ჩათვლიდა საქმის მორიგებით დასრულებას, თავად გადაეხადა 600 მანეთი, რადგან თელაველებს ამის საშუალება არ გააჩნდათ არც იმ დროისთვის და არც მომავალში. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ზაქარია ჭავჭავაძე და მდივნის მაგივრად ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი