1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ ორი წელი გავიდა მას მერე, რაც გამგეობამ თავად-აზნაურთა წინაშე იშუამდგომლა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად და იქ სკოლის გასახსნელად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემის თაობაზე. ამ პერიოდში მამულის მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გამხდარიყო. ის დაუყოვნებლივ საჭიროებდა შეკეთებასა და პატრონობას. გამგეობის აზრით, უპატრონოდ მიგდება ადგილ-მამულისა, სადაც უკვდავი ილია აღიზარდა, ეროვნული სირცხვილის ტოლფასი იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი