1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის დატოვება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის განყოფილებამ ჩაიბარა, ყოვლად შეუძლებელი იყო. შემოუღობავი ეზო გატიალებული ყოფილა, შარაგზად გაუხდია სოფელს, ხან ერთი მეზობელი ლამობდა ეზოს ნაწილის მითვისებას, ხან − მეორე. სამოთახიანი სახლი ისე დაძველებულა, რომ შეკეთებად არ ღირდა. გამგეობამ 200 მანეთი დახარჯა წისქვილის ნაგებობის დროებით გამაგრებაზე, მაგრამ იმ დროისთვის მას ისევ სჭირდებოდა შეკეთება. რუსხმულიც არ ვარგოდა, იქიდან გადმოსული წყალი ეზოს ტბორავდა. კოშკი, სადაც ილია დაბადებულა, თითქოს არ ეპუებოდა ჟამთა სვლასა და სტიქიებს, თუმცა დროთა ვითარებას მასზეც მოუხდენია გავლენა: სახურავი დაძველდა, აივანი და კიბე დალპა და სასიარულოდ საშიში შეიქნა. ერთი სიტყვით, მამული საფუძვლიან შეკეთებას საჭიროებდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი