1917 წლის 9 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თხოვნით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის სხდომაზე დასვეს საკითხი, ომისგან დაზარალებული ოჯახების ბავშვებისთვის თავშესაფრისა და სახელოსნოს გასახსნელად შეეძინათ სკოლის გვერდით მდებარე სახლი 100 საჟენამდე ეზოთი. სახლი 20 000 მანეთი ღირდა. გამგეობა თვლიდა, რომ თუ თავშესაფრის ასაშენებლად გადადებულ 8 000 მანეთს ცოტას თვითონაც დაამატებდა, მამულს შეიძენდა. კარიჭაშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ იმ დღესვე შეატყობინა მთავარ გამგეობას და სთხოვა, პასუხი მალე მიწერათ ბათუმის განყოფილებისთვის.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ბათუმის განყოფილებასთან და მოხსენება-ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი