საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31048

ფაქტი 31048

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილების დაარსების დღიდანვე გამგეობის მზრუნველობის მთავარ საგანს დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნა წარმოადგენდა. გამგეობის ანგარიშით, პირველ წლებში სკოლის შენახვა (ერთი მასწავლებლის პირობებში) წლიურად ასი თუმანი დაჯდებოდა. მატერიალურად შეჭირვებულმა ზუგდიდელებმა დახმარება სთხოვეს მთავარ გამგეობას, რომელიც მათ შეჰპირდა, რომ ის ყოველწლიურად 400 მანეთს გაიღებდა სკოლის მასწავლებლისთვის. გარდა ამისა, ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუმართავს საჯარო სეირნობა, საიდანაც 709 მანეთი და 50 კაპიკი შემოსულა, შემდეგ სკოლის გახსნის ნებართვაც აუღია მთავრობისგან, მაგრამ ომიანობამ შეუშალა ხელი და ეს საქმე გადაიდო. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31048; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .