1917 წლის 26 ნოემბერს საღამოს 5 საათზე ქ. ქუთაისის სამკითხველოში ჩატარდა ქალთა საერთო კრება, რომელსაც დაესწრნენ ქუთაისის ქალთა კლუბის წევრები და გამგეობა, ასევე მუშა ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები. კრებას თავმჯდომარეობდა კატო მიქელაძე, რომელმაც წარუდგინა 19 ნოემბრის ეროვნული ყრილობის ვითარება, თუ რა როლი მიაკუთვნეს იქ ქალებს და როგორ შეხვდა სამანდატო კომისია ქუთაისის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ძველი „ქალთა საზოგადოების“ დელეგატს. მან კრებას აცნობა, რომ სამანდატო კომისიამ ქალთა კლუბისა და მუშა ქალთა ორგანიზაციის დელეგატებს მიანიჭა სათათბირო ხმა და ქალთა საზოგადოების დელეგატს კი გადამწყვეტი ხმა. კრებაზე გადაწყდა აერჩიათ ხუთი ქალისგან შემდგარი კომისია, რომელშიც შევიდოდნენ ქალთა კლუბის, მუშა ქალთა ორგანიზაციის და ასევე ძველი საზოგადოების წევრები. კომისიას დაევალა ძცელი საზოგადოების გამგეობას დაუნიშნოს წლიური კრება 15 დეკემბრამდე, თუ გამგეობა წლიურ კრებას არ მოახდენს, მაშინ თავად კომისიამ უნდა მოიწვიოს კრება ამ საზოგადოების საკითხის გასარკვევად. ამავე კრებაზე კატო მიქელაძემ წამოაყენა წინადადება მოწვეული იქნას ქალთა საგუბერნიო კონფერენცია და ქალთა საერთო პოლიტიკურ კლუბს შეეცვალოს სახელწოდება და იწოდებოდეს ქუთაისის საგუბერნიო ინტერპარტიულ ქალთა კავშირად.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 4 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა